ქართული ჰიპ-ჰოპი ერთ-ერთი ყველაზე განვითარებადი მუსიკალური ჟანრია დღეს საქართველოში. ბოლო წლების განმავლობაში ამ სფეროში რამდენიმე ისეთი არტისტი გამოჩნდა, რომელთა შემოქმედებაც არაერთი ათასი ადამიანისთვის არის საინტერესო. ძირითადად, მათი ლაივები მაინც მცირე კლუბებში და დახურულ წვეულებებზე ისმის, მათი ძირითადი პლატფორმა გამოსაჩენად – ინტერნეტი და სოციალური ქსელია, სადაც ბევრ მსმენელსა და თაყვანისმცემელს პოულობენ.
ახლახან „იუთუბის“ მეშვეობით ახალი პროექტი დაანონსდა, – „Hip-Hop ყველა უბანში“. როგორც ორგანიზატორები წერენ, ეს არის აპოლიტიკური არაკომერციული პროექტი, რომლის მიზანია ქართული ჰიპ-ჰოპისთვის პოპულარიზაციის გაწევა, ჟანრის წარმომადგენლების გაცნობა ფართო მსმენელისთვის. „ჰიპ-ჰოპი ყველა უბანში“ გაზაფხულიდან დაიწყება და სხვადასხვა უბანში კომპაქტური მინილაივებს მოიცავს, ღონისძიებებზე დასწრება კი ნებისმიერი მსურველისთვის იქნება შესაძლებელი. პროექტში ამ სფეროს ყველა წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის იქნებიან ზაზა ნოზაძე და ეკუნა ყანჩაველი, რომელთა კლიპებს „იუთუბზე“ ათასობით ნახვა აქვს. ინტერნეტში უკვე გამოჩნდა მათი პროფაილები ამ პროექტის ფარგლებში.
ზაზა ნოზაძე:
ჩემს ცხოვრებაში მუსიკას ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. არ მახსოვს არც ერთი დღე ჩემი ბავშვობიდან, რომელიც მუსიკის გარეშე გავიდა… ჰიპ-ჰოპი გამორჩეულად მიყვარდა ბავშვობიდან.
მუსიკა საუკეთესო პლატფორმაა ჩემი სათქმელის, განცდისა და ემოციის რეალიზებისთვის და დღემდე საუკეთესოდ რჩება. ვფიქრობ, როგორც იქნა, დადგა ეს პერიოდი, როცა ვგრძნობ, აღარ ვართ მარტო, ამ მუსიკას მიექცა ყურადღება, რაც მეტ-ნაკლებად, დაიმსახურა კიდეც. დღეს ქვეყანაში ჰიპ-ჰოპს ყველაზე კარგი განვითარების შანსი აქვს.
ეკუნა ყანჩაველი:
მუსიკაზე არ მივლია. ჩემი მასწავლებელია „იუთუბი“. პატარობიდანვე, არ ვიცი, რატომ, მაგრამ მომწონდა რეპი. ჩემი საყვარელი რეპერი იყო ემინემი და მას შემდეგ კიდევ ბევრი, ვინც მიმახვედრა, რომ ეს ჟანრი იყო ის, რაც მინდოდა. პირველი რეპ-მუსიკა დავწერე დაახლოებით ორი წლის წინ, მანამდე არც მიცდია. ჩემმა თავმა გამაოცა. ფურცელი და კალამი რომ ავიღე და დავწერე რაღაც ხუთ წუთში, მივხვდი, რომ თურმე შემიძლია, – მადლობა ღმერთს (იღიმის).
10 იანვარს პროექტის Pre-Party Elektrowerk–ში გაიმართება და ეს იქნება მისი ერთგვარი წარდგენაც. ღონისძიებაში მონაწილეობენ: Sf-x (ზაზა ნოზაძე), ძვალი (აჩი ვანიშვილი), ეკუნა ყანჩაველი, Fula, Barama, Duda, Ol ‘ Boy, D_versia, Cas, Eshvi, Landi, Tozi, Ras Green & Nick Green, Seqtorada, Birja Mafia.პროექტის ორგანიზატორია: Abi Tbilisis.