18 ნოემბერს , ვარდების მოედანზე ტრადიციად ქცეული ქართული ყველის ფესტივალი გაიმართება. ფესტივალზე ყველა რეგიონი საკუთარი ყველის სახეობებს წარმოადგენს. გამოფენილი იქნება როგორც ტრადიციული, უძველესი რეცეპტებით დამზადებული ქართული ყველის სახეობები, ასევე საქართველოში წარმოებული ევროპული, ბრენდირებული ყველის ანალოგები. ფესტივალზე ყველის ოსტატების მიერ ნაჩვენები იქნება ყველის ამოყვანის მეთოდები. მოქალაქეები გაეცნობიან დამბალ ხაჭოს, მუჩლისა და სხვა ყველის სახეობების დამზადების პროცესს. ყველის ფესტივალში 50 ყველის მწარმოებელი კომპანია მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიებას დაესწრება სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და დედაქალაქის მერი კახა კალაძე. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.