ქართული ღვინის 10 რჩეული სახეობა გამოვლენილია – პროექტის მეორე ეტაპი სტარტს იღებს

   საფერავი, ტვიში, წინანდალი, ციცქა, ქინძმარაული, რქაწითელი, ხვანჭკარა, მუკუზანი, ქისი და მწვანე – სწორედ ასე გამოიყურება ქართული ღვინის რჩეული სახეობები, რომლებიც ფართო საზოგადოებისა და ღვინის ექსპეტების მონაწილეობით გამოვლინდა. პროექტის "10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ" ორგანიზატორის „პალიტრა მედია ჰოლდინგის“ წარმომადგენლებმა ღვინოები „ბიბლუსი გალერეაში“ სპეციალურად მოწვეულ სტუმრებს, ღვინის კომპანიების წარმომადგენლებსა და ღვინის ექსპერტებს წარუდიგინეს. ახლა კი პროექტის მეორე ეტაპის, რჩეული ღვინოების საუკეთესო მწარმოებელი კომპანიების გამოვლენის პროცესი დაიწყება.

როგორც „პალიტრა მედია ჰოლდინგის“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გენერალური დირექტორის მოადგილემ ირაკლი საამიშვილმა განაცხადა, პროექტის მეორე ეტაპი მარტის ბოლოს დაიწყება და დაახლოებით ერთი თვე გაგრძელდება.

„პროექტის პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ პროექტში ძალიან ბევრმა ადამიანმა, 250 000 კაცმა მიიღო მონაწილეობა. გამოვავლინეთ ღვინის 10 სახეობა, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ. ახლა გადავდივართ პროექტის მეორე ეტაპზე, სადაც გამოვლინდება ის კონკრეტული ღვინის კომპანიები, რომლებიც ამ 10 სახეობიდან საუკეთესოების არჩევაში მიიღებენ მონაწილეობას. დეგუსტაციები დაგეგმილია მარტის ბოლოს-აპრილის დასაწყისში. როგორც კი დასრულდება დეგუსტაციები, დავიწყებთ პროექტის პრომოუშენს და ვვარაუდობთ, რომ აპრილის ბოლოს ბაზარზე გამოჩნდება რჩეული 10 ღვინოც თავისი განსაკუთრებული შეფუთვით“, - აღნიშნა ირაკლი საამიშვილმა.

 

მისივე განმარტებით, ხალხის არჩეული ღვინის სახეობებითა და სომელიეების მიერ გამოვლენილი საუკეთესო ღვინოებით ღვინის სასაჩუქრე/საკოლექციო/ტურისტული 5-5 ბოთლიანი შეფუთვა შეიქმნება და ფართო გაყიდვაში იქნება.

როგორც ღვინის ექსპერტმა კახა ჩოტიაშვილმა განაცხადა, საუკეთესო ღვინოების შერჩევა მნიშვნელოვანია როგორც ქართველი მომხმარებლებისთვის, ასევე ტურისტებისთვის.

 

„ძალიან მალე ჩატარდება ამ პროექტის მეორე ნაწილიც და მე და ჩემს კოლეგებს - ღვინის ექსპერტებს მოგვიწევს უკვე შერჩეული ღვინის 10 სახეობიდან გამოვარჩიოთ, რომელია საუკეთესო ღვინოები. ეს ძალიან დაეხმარება როგორც ქართველ ღვინის მოყვარულებს, ასევე უცხოეულ ტურისტებს“, - განაცხადა ღვინის ექსპერტმა.

ღვინის სახეობების წარდგენას ღვინის კომპანიის 70–მდე წარმომადგენელი ესწრებოდა. ისინი პროექტს დადებითად აფასებენ და იმედს გამოთქვამენ, რომ ეს ინიციატივა დადებითაც იმოქმედებს როგორც თავად კომპანიების, ისე ზოგადად ქართული ღვინის პოპულარიზაციაზე.

 

„ძალიან კმაყოფილები ვართ პრეზენტაციით. მსგავსი პროექტი მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის. ჩვენი კომპანია აწარმოებს ყველა პროდუქტს იმ ათეულიდან, რომელიც პროექტის ფარგლებში შეირჩა. რჩეული ღვინოების მწარმოებელი კომპანიების შერჩევაში აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას. გვაქვს პრეტენზია, რომ ვაწარმოებთ საკმაოდ ხარისხიან ქართულ პროდუქტს და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ერთ-ერთი, თუ რამოდენიმე არა, მაინც მოხვდება ამ ათეულში. ჩვენ საფერავს, ქისს, ტვიშს და ქინძმარაულს წარმოვადგენთ“, - განაცხადა ღვინის მწარმოებელი კომპანია TWC-ის გენერალურმა დირექტორმა დურმიშხან თიგიშვილმა.

„ძალიან საინტერესო პროექტია. ეს არის საუკეთესო საშუალება იმისთვის, რომ გამოვლინდეს საუკეთესო ღვინო და მიეცეს ყველას საშუალება, მათ შორის, მცირე მეწარმეებს, რომ საკუთარი ნაწარმი სათანადოდ წარმოაჩინონ. ჩვენი კომპანია - „ძმები ხუციშვილები“ აპირებს პროექტის მეორე ეტაპში მონაწილებას. ვფიქრობ, რომ წარვადგენთ საფერავს, რქაწითელს და ქისს,- განაცხადა ღვინის მწარმოებელი კომპანია „ძმები ხუციშვილების“ დამფუძნებელმა გელა ხუციშვილმა.

 

„ვფიქრობ, ჩვენი მუკუზანით დავაინტერესებთ მომხმარებელს, რაც კომპანიისთვის ცალსახად დადებითი ფაქტია. ზოგადად კი, საინტერესო პროექტია. ქართული ღვინის და ღვინის კომპანიების პოპულარიზაციას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელ“, – აღნიშნა ღვინის მწარმოებელი კომპანია “შატო ნეკრესის“ გაყიდვების მენეჯერმა გივი ჩიქოვანმა.

 

პროექტი „10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ“ 15 ოქტომბერს „ქართული ღვინის ფესტივალზე“ დაიწყო, სადაც პირველი ბრმა დეგუსტაცია გაიმართა. მას შემდეგ ხმის მიცემა შესაძლებელი იყო ონლაინ რეჟიმში, ღვინის ონლაინ მაღაზიის ვებ-გვერდზე allwine.ge-სა და ambebi.ge-ზე, სადაც ხმა 160 000-მდე ადამიანმა მისცა საკუთარ რჩეულს. პარალელურად, პროექტის ფარგლებში საჯარო თავშეყრის ადგილებში მოეწყო არაერთი ღონისძიება, სადაც ღვინის ბრმა დეგუსტაცია და ფარული კენჭისყრა მიმდინარეობდა.

 

სტუმრები დაგემოვნების შედეგად შერჩეულ ღვინოს ისე აძლევდნენ ხმას, რომ არ იცოდნენ, რომელი სახეობა იყო. ასევე, გამოკითხვის ფორმა და პროექტის საიმიჯო კომუნიკაცია იბეჭდებოდა გაზეთ “კვირის პალიტრისა” და ჟურნალ “გზის” ყოველკვირეულ გამოცემებში. საერთო ჯამში პროექტში საზოგადოების ძალიან მაღალი ჩართულობა დაფიქსირდა. რჩეული 10 ღვინის სახეობა სწორედ ხალხის შერჩეულია.

 

იხილეთ ვიდეო

მსგავსი ღონისძიებები
9 და 10 მარტს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის ჩატარდება GDG - ის პრეზენტაცია.
სხვა ივენთები
2 დეკემბერს "ლუმოსის შაბათის" სტუმარი იქნება Yoga Rooms-ის დამაარსებელი და ხელმძღვანელი, დავით კანდელაკი, რომელიც ისაუბრებს იოგას შესახებ.
სხვა ივენთები
თუ გაინტერესებთ დიქტატორები და დიქტატურები, ლათინური ამერიკის ლიტერატურა მეოცე საუკუნისა, დიადი მწერლები, მათი მოქალაქეობრივი ვალი, ბრძოლა საკუთარ თავსა და საკუთარ ქვეყანაში რაღაც კეთილის, თუნდაც უმცირესის გადასარჩენად.
სხვა ივენთები
ALLWINE.GE ბიბლუსთან ერთად ღონისძიებათა სერიას აგრძელებს
სხვა ივენთები
კვირის ღონისძიებები