ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსის ანდრო გოგიბედაშვილის (იგივე Saphileaum) მიერ დაარსებული ემბიენთ ლეიბლის პირველი შოუქეისი სახელად "THEOSOPHY GATHERING" 13 სექტემბერს 10 საათზე Bauhaus Bar-ში ჩატარდება. ლეიბლის დედააზრი მუსიკის გარდა, ვერბალური, ვიზუალური თუ მუსიკალური გზით თეოსოფიის იდეებისა და სწავლებების ხალხამდე მიწოდებასაც გულისხმობს.
ანდრო გოგიბედაშვილი იგივე Saphileaum 2015 წლიდან მოღვაწეობს. მისი მუსიკა საზღვარია ეპიკურსა და იდუმალს შორის. დამაფიქრებელი და მელანქოლიური სიმაღლეები, რომელიც წარსულს არნახულ ფორმას აძლევს. თავდაპირველად იგი ძირითადად ატმოსფერულ მძიმე ტექნოს სთავაზობდა მსმენელს, მაგრამ ახლა ამ ჟანრთან ერთად მან სიღრმისეული და სიმფონია-ნარევი ემბიენთისა და ტრიბალური ღრმა ტექნოს ბნელ და ნათელ მხარეში შეაბიჯა. ანდრო მის შინაგან, ლამაზ სამყაროს მარტივად უზიარებს მსენელს სწორედ სინთეტიკურად თუ ინსტრუმენტულად შექმნილი მელოდიებით.
მისი პირველი ალბომი "Uninhibited Kingdom" - ის უმთავრესი თემა სამეფოა, რომელიც მიატოვეს და ალბომი სწორედ ამ მიტოვებული სამეფოს ტერიტორიაზე სულიერი მოგზაურობაა. სამეფო ეძახის მსმენელს, იმისათვის, რომ ამ სამეფოს ლამაზი ლანდშაფტის ნახვის შესაძლებლობა მიეცეს მსმენელს. ეს მეტყველი ალბომი სეულში, სამხრეთ კორეაში დაარსებულმა label-მა Oslated გამოუშვა. Saphileaum-ის პირველი ემბიენთ ალბომი 12 სექტემბერს გამოვიდა სახელწოდებით "Echoes of the Physical World ". ანდროს მუსიკა ინტელექტუალურია და მრავალი ლამაზი არქიტექტურით სავსე.