საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ კარლო კაჭარავას პერსონალურ გამოფენას „კარლო კაჭარავა დღეს“ დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში.
კარლო კაჭარავა მხატვარი, პოეტი და ხელოვნების კრიტიკოსი იყო. გამოფენა „კარლო კაჭარავა დღეს“ მისი პოეზიის, კრიტიკული წერილების და მხატვრული შემოქმედების რამდენიმე ასპექტის გაერთიანების მცდელობაა. ამ გამოფენით ნამუშევრები, რომლებიც ტრადიციულად მისი თანამედროვეების - 80 -იანელებისა და 90-იანი წლების დასაწყისის ხელოვანთა შემოქმედების ფონზე განიხილებოდა, სხვა კონტექსტით არის წარმოდგენილი. ის, რაზეც კარლო კაჭარავა თითქმის მეოთხედი საუკუნის წინ წერდა და ხატავდა, საზოგადოებისათვის დღესაც აქტუალურია და ეს პარალელები კარგად ჩანს იმ თანამედროვე ქართველი ხელოვანების ნამუშევრების მაგალითზეც, რომლებიც გამოფენაზე არის წარმოდგენილი.
ექსპონატების უმრავლესობა ტილოზე შესრულებული ნამუშევრებია. ერთი დარბაზი ეძღვნება კარლო კაჭარავას 1988 წლის ნახატს „გენერალი“ და ამ თემაზე შექმნილ სხვა რომანტიკულ პორტრეტებს. მეორე დარბაზში განთავსებული ნახატები დღეს თბილისში მცხოვრები და მომუშავე სამი ახალგაზრდა ხელოვანის ნამუშევრებთან ერთადაა წარმოდგენილი. ამ სამი ხელოვანისა და კარლო კაჭარავას შემოქმედების დიალოგი ორივე მხარისათვის ახალ კონტექსტს ქმნის. კარლო კაჭარავა წერდა და ხატავდა 90-იანი წლების დასაწყისის სოციალურ თემებზე, დახურულ ფაბრიკებსა და ქარხნებზე. ნინო ქვირივიშვილის ვიტრინაში გამოფენილი ნივთების ინსტალაცია მიტოვებულ ქარხნებსა და ფაბრიკებში მომუშავე ხალხისა და მათი ოჯახების ისტორიის მემორიალია. კაჭარავას ნახატების პერსონაჟების ექსპრესიონისტული მკვეთრი ხაზებით დასერილი სახეებისა და სერიოზული გამომეტყველებების ეროტიკულობა ადვილად აღიქმება ლევან ჭელიძის ემოციურად შიშველი პორტრეტების გვერდით, ხოლო მისი ჯვარცმისა და გიორგი ხანიაშვილის „აღდგომის” დაპირისპირება რელიგიური თემის მიღმა ამ ავტორების უკიდურესი სულიერი მარტოობის განცდას დაგვანახებს.
2017 წლის გაზაფხულზე კარლო კაჭარავას ნამუშევრები ნიუ-იორკში გამართულ ჯგუფურ გამოფენაში იღებდა მონაწილეობას. გამოფენის ერთ-ერთ მიმოხილვაში ცნობილმა ამერიკელმა კრიტიკოსმა მის ნახატს კარენ კილიმნიკის პანკური შემოქმედების წინამორბედი უწოდა. ამერიკელმა აუდიტორიამ იქამდე უცნობი კაჭარავა ჟურნალ „არტფორუმის“ საშუალებით სწორედ ამ ფრაზით და ვიზუალური მინიშნებით გაიცნო.
კარლო კაჭარავას პერსონალურ გამოფენაში ახალგაზრდა ხელოვანების ნამუშევრების ჩართვა მუზეუმის დამთვალიერებელს მსგავს ვიზუალურ და კონცეპტუალურ მინიშნებებს სთავაზობს.
გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება გურამ წიბახაშვილის ფოტოები, ნინო ქვრივიშვილის, ლევან ჭელიძისა და გიორგი ხანიაშვილის ნამუშევრები.
გამოფენის კურატორია ირინა პოპიაშვილი.
გახსნა: 20 დეკემბერი, 18:00ხანგრძლივობა: 20 დეკემბერი, 2017 - 20 იანვარი, 2018მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზ.11