15 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე ქალაქის მთავარი ნაძვის ხე აინთო. ნაძვის ხის ანთებასთან ერთად, პალიტრა მედიის პროექტის „10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო სანამ ცოცხალი ხარ“ ფარგლებში, ღვინის დეგუსტაცია გაიმართა. სადეგუსტაციოდ წარმოდგენილი იყო 23 სახეობის ღვინო, საახალწლო ნაძვის ხესთან მოსულ სტუმრებს კი შეეძლოთ დაეგემოვნებიათ საუკეთესო ქართული ღვინოები და ხმა მიეცათ მათთვის სასურველი ღვინის სახეობისთვის.
„დღეს უკვე ოფიციალურად აინთო საახალწლო ნაძვის ხე, ჩვენ წარმოვადგენთ პროექტს „10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო სანამ ცოცხალი ხარ“, 10 რჩეული ღვინის სახეობა გამოვლინდება ხმის მიცემის შემდეგ. ხმის მიცემა შეგიძლიათ როგორც ღვინის ბრმა დეგუსტაციისას, ასევე ონლაინ რეჟიმში ჩვენს ვებგვერდებზე allwine.ge და ambebi.ge. დღეს წარმოდგენილი გვაქვს 23 სახეობის რჩეული ქართული ღვინო და ამ წარმოდგენილი ღვინოებიდან ჩვენს სტუმრებს შეუძლიათ ამოირჩიოს მათი საყვარელი 10 ღვინის სახეობა. “, - განაცხადა events.ambebi.ge -სთან საუბრისას Allwine.ge-ის პროექტის მენეჯერმა მარიკა ომანიძემ.
პროექტი „10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო სანამ ცოცხალი ხარ“ რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და მასში მონაწილეობა უკვე 100 000- მდე ადამიანმა მიიღო. მსურველებისთვის სახეობების არჩევის გასამარტივებლად კიდევ იგეგმება დეგუსტაციები,სადაც შესაძლებლობა გექნებათ, კარგად გაეცნოთ ღვინის სახეობებს და გამოავლინოატ რჩეული ღვინის სახეობა, რომელსაც შემდეგ პროექტის ფარგლებში მისცემთ ხმას. პროექტი ორ ეტაპად იყოფა: საწყის ეტაპზე, სახალხო ხმის მიცემის დაასრულების შემდეგ გამოვლინდება ღვინის 10 სახეობა, 5 თეთრი და 5 წითელი. პროექტს საკმაოდ დიდი დატვირთვა აქვს, მიზანი ქართული ღვინის პოპულარიზაციაა, როგორც საქართველოში, ისე ტურისტებში. ყველას ჩართულობა აუცილებელია ვინც აფასებს ქართულ კულტურას, ღვინოსა და ჩვენს უძველეს ტრადიციას.