წელს, ქართული მოდერნიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლის, პეტრე ოცხელის 110 წლის იუბილეს ფარგლებში, თიბისი ბანკის მხარდაჭერით, მისი 30 ნამუშევრის რესტავრაცია დასრულდა.
30 ნოემბერს, თიბისი გალერეა, რესტავრირებულ ნამუშევრებთან ერთად საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმის კოლექციას უმანსპინძლებს.
აღდგენილი ესკიზების უმრავლესობა, ფართო აუდიტორიის წინაშე პირველად იქნება წარდგენილი.
პეტრე ოცხელის ხელოვნება იზიარებს მის თანადროულ იდეებს კონსტრუქტივიზმის ზოგადი ფორმაციის შესახებ. ამასთან, მისი მხატვრული ფორმა სრულიად სხვა მიმართულებასაც ავითარებს. კონსტრუქტივიზმის პოლიტიკურ გამოწვევებთან ერთად, ოცხელი ფორმას მითოსურ და კოსმოლოგიურ ნარატივებზე აგებს. სწორედ ამიტომ, მისი პერსონაჟები ყოველთვის სიმბოლური სიმტკიცით და ძლიერი მგრძნობელობით გამოირჩევიან.
დღეს, კონსტრუქტივიზმი ისტორიული ღირებულებაა, რომლის დიდი ნაწილიც, კვლავ მე-20 საუკუნის ავანგარდული უტოპიის ნაწილად რჩება. მიუხედავად ამისა, მასში არსებული ცალკეული აქცენტები ხელახლა ცოცხლდება თანამედროვე კვლევებსა და აუდიტორიებში. ამ მხრივ, ოცხელის შემოქმედება საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს.
….
პეტრე ოცხელის შემოქმედებას სხვადასხვა დროს არაერთი გამოფენა მიეძღვნა. ბოლო ათწლეულში დაიბეჭდა მისი ნამუშევრების კატალოგები, გამოქვეყნდა საინტერესო პუბლიკაციები და სამეცნიერო ნაშრომები. 2016 წელს მსოფლიოში სახელგანთქმული ამერიკული კორპორაციის -გუგლის (Google) კულტურის ინსტიტუტის ვებგვერდზე განთავსდა.პეტრე ოცხელი საქართველოდან პირველია, რომელსაც მსოფლიოში უდიდესი კულტურის ინსტიტუტის საგამოფენო ვირტუალური სივრცე დაეთმო.
მისამართი: თიბის ბანკის სათავო ოფისი, IV სართული
სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი 11:00 – 19:00შაბათი 11:00 -19:00
დასწრება თავისუფალია!