წელს საქართველოს ნიუ იორკის საერთაშორისო ონლაინ ჯაზ კონკურსზე MADE IN NEW YORK JAZZ COMPETITION ნუცი ნებიერიძის სექსტეტი წარმოადგენს. ნუცი ნებიერიძემ სხვადასხვა ქვეყანაში კონცერტების გამართვა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც თბილისის კონსერვატორიის ჯაზ-ფაკულტეტის სტუდენტი იყო. 2016 წელს კი მისი დებიუტი ნიუ-იორკში შედგა. 2017 წელს ახალგაზრდა ქართველმა მომღერალმა მისი საავტორო მუსიკის საღამო ერთ-ერთ ლეგენდარულ კლუბში „Birdland” გაიმართა, მოგვიანებით კი ეს პროექტი ნუციმ საქართველოშიც ჩამოიტანა. ამჟამად ნუცი ნებიერიძე ნიუ იორკში სწავლობს და მოღვაწეობს. ისევე, როგორც წინა წლებში, კონკურსს MADE IN NEW YORK JAZZ COMPETITION წელსაც ვარსკვლავური ჟიური ეყოლება. 2017 წელს კონკურსანტების ბედს უმაღლესი მუსიკალური ჯილდოს - „გრემის“ არაერთგზის მფლობელი და ნომინანტი მუსიკოსები - რენდი ბრეკერი და მაიკ სტერნი გადაწყვეტენ. ყოველწლიურად, მსმენელების და ჟიურის წევრების ხმების დაჯამების შედეგად, ვლინდება სამი გამარჯვებული, რომელთაც სხვადასხვა ჯილდოს მოპოვების გარდა შესაძლებლობა ეძლევათ, მონაწილეობა მიიღონ გალა კონცერტში, რომელიც ტრადიციულად მაისის ბოლოს, ნიუ–იორკში TRIBECA PERFORMING ARTS CENTER-ში იმართება. ყველაზე მასშტაბურ ონლაინ ჯაზ საერთაშორისო კონკურსში საქართველო პირველად შარშან ჩაერთო და პირველივე მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა. ახლა კი ჩვენი მხარდაჭერა ნუცი ნებიერიძის სექსტეტს სჭირდება. მისი საკონკურსო ვიდეო MADE IN NEW YORK JAZZ COMPETITION-ის ვებ გვერდზე რამდენიმე დღის წინ აიტვირთა. რეგისტრაციის მარტივი პროცედურის გავლის შემდეგ, ქართველი კონკურსანტისთვის ხმის მიცემა მოცემულ ლინკზეა შესაძლებელი . ხმის მიცემის ვადის ამოწურვამდე ცოტა დრო რჩება. გამარჯვებულების გამოვლენის შემდეგ კი ჟიურის წევრები მათ ფავორიტებს ტრადიციულად ნიუ იორკის ჯაზ გალა კონცერტზე შეხვდებიან.