Boston 168 - KHIDI-ს რეზიდენტი ორი იტალიელი პროდიუსერის, ტურინელი Sergio Pace-ისა და Vincenzo Ferramosca-ს ტექნო პროექტი, რომლის სადებიუტო "The Drill EP" 2014 წელს მათივე დაფუძნებულ ლეიბლ Old and Young-ზე გამოიცა. პირველივე რელიზში ნათელი გახდა, რომ დუო განსაკუთრებულ აქცენტს ანალოგ ინსტრუმენტებსა და მათგან მიღებულ ჟღერადობაზე აკეთებს. 2015 წელს დუომ ორი EP Enemy Records-სა და Involve Records-ზე გამოაქვეყნა, ხოლო 2016 წელს ODD / EVEN-ზე გამოცემული "Oblivion EP" მათ კარიერაში ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა. ამავე წელს Fabrizio Lapiana-ს ლეიბლ Attic Music-ზე გამოიცა მათი EP - "Laq02", სადაც ასევე გამოქვეყნებული აქვთ EP - "Khidi Raver". 80-იანი წლების ფსიქოდელიური ჟღერადობა და ეისიდ ტექნოს ტალღა Sergio Pace-ისა და Vincenzo Ferramosca-ს მუსიკალურ გემოვნებაზე მნიშვნელოვნად აისახა, რასაც ადასტურებს მათი ყოველი კომპოზიცია. ისინი ხშირად აღნიშნავენ, რომ სურთ ეისიდი მათი ჟღერადობის ერთ-ერთი მთავარი სამარკო ნიშანი იყოს, რაც მსმენელისთვის ისედაც ადვილი შესამჩნევია.
Fiedel - იგივე Michael Fiedler, გერმანელი დიჯეი და პროდიუსერი, KHIDI-ს და Berghain / Panorama Bar-ის რეზიდენტი და ლეიბლ Fiedelone-ისა და Fiedeltwo-ს სულისჩამდგმელი. 1996 წელს Michael-მა და Erik Wiegand-მა (errorsmith), ჩამოაყალიბეს ერთობლივი პროექტი "MMM", რაც Messe der Meister von Morgen-ის აბრევიატურაა. MMM ასოცირდებოდა Hard Wax-თან, რომელიც სახელგანთქმული ვინილების მაღაზიაა ბერლინში. 1996 წლიდან ისინი დისკოს, ფანკისა და ტექნოს ზეგავლენით კლუბურ მუსიკას ქმნიდნენ. Fiedel-ის სოლო დებიუტი 2010 წელს ლეიბლ Ostgut Ton-ის მეხუთე კრებულში შესული ნამუშევრით "Doors To Manual" შედგა, სადაც ასევე გამოცემულია მისი ტრეკი "Probe-806" და EP - "Substance B". 2017 წლის 16 ნოემბერს ლეიბლ PURE TRAXX-ზე გამოიცა EP - "Distances", სადაც შესულია Fiedel-ისა და Ron Albrecht-ის ნამუშევრები.
Greenbeam & Leon - KHIDI-ს რეზიდენტი ქართველი ტექნო არტისტების, აჩი თაბუკაშვილისა და ლეონ ლოლიშვილის პროექტი, რომელიც 2002 წელს შეიქმნა. დუოს პირველი რელიზი 2007 წელს გამოიცა და მას შემდეგ საკუთარ ნამუშევრებს ისეთ ლეიბლებზე აქვეყნებენ, რომლებიცაა: ATT Series, Fluxus Rec და WaveReform records. ინდუსტრიულისა და ტრადიციული ტექნო ჟღერადობის სინთეზი, როგორც მათი მუსიკის, ასევე მათი დიჯეი სეტების მთავარ მუსიკალურ მახასიათებელს წარმოადგენს. 2017 წლის 1 სექტემბერს WaveReform records-ზე Greenbeam & Leon-ის 3 ტრეკიანი EP - "Abandoned Tales" გამოიცა.