ბრიტანელი მწერლის ჰოლი სმეილის თანამედროვე ბესტსელერი „გიკი გოგო“ ის წიგნია, რომელმაც მსოფლიოს უამრავ თინეიჯერს შეაყვარა კითხვა, მათ შორის ქართველ მოზარდებსაც.
ავტორის საყვარელი წიგნის მოლოდინშიც რამდენჯერმე დადგა რიგი თბილისის წიგნის მაღაზიებთან. სულ ახლახანს ითარგმნა "გიკი გოგოს" მეხუთე ნაწილიც, რომელიც გამომცემლობა „პალიტრა L”-მა გამოსცა და რომლის პრეზენტაციაც 1-ელ ივნისს „ბიბლუსი გალერეაში“ გაიმართა. 31 მაისს ჰოლი სმეილი ფანებთან შესახვედრად თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, "პალიტრა L”-ის სტენდთან მივიდა, სადაც მას უამრავი მკითხველი დახვდა.
"31 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით მეოცედ ტარდება თბილისის საერთაშორისო წიგნის ფესტივალი, სადაც პალიტრა ლ არის წარმოდგენილი ყველაზე დიდი სტენდით. გვაქვს ძალიან ლამაზი გაფორმებები და დახლებზე საინტერესო სიახლეები გვაქვს გამოტანილი, მაგალითად, აუდიო-წიგნები. ასევე გამოტანილი გვაქვს საქართველოს რუკა, რომელიც ივნისის თვიდან იქნება გაყიდვაში. ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული პროდუქტი არის გიკი გოგოს მე-5 წიგნი, რომლის ავტორი არის ბრიტანელი მწერალი ჰოლი სმეილი. პალიტრა ლ-მა მკითხველის მხრიდან განსაკუთრებული სიყვარულის გამო გადაწყვიტა ჩამოეყვანა ავტორი საქართველოში. 31 მაისს ჰოლი სმეილი ესტუმრა წიგნების საერთაშორისო ფესტივალს, შეხვდა მკითხველს, გასცა მათ კითხვებს პასუხები და დაარიგა ავტოგრაფები. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჰოლი სმეილი თავის მკითხველს 1 ივნისს გალერეა ბიბლუსშიც შეხვდა, სადაც ჩაატარა მე-5 წიგნის პრეზენტაცია." - ჰყვება თაკო ახვლედიანი, პალიტრა ლ-ის მარკეტინგის მენეჯერი.
ჰოლი სმეილმა პირველი ნაწარმოები 2013 წელს დაწერა, რასაც უზარმაზარი გამოხმაურება მოყვა მოზარდების მხრიდან. მალე "გიკი გოგო" ბრიტანეთის #1 ბესტსელერი გახდა. ავტორი და მისი გამომცემელი HarperCollins უამრავ წერილს იღებდა მოზარდებისგან, რომლებიც წერდნენ, რომ წიგნის წაკითხვის შემდეგ მათი ცხოვრება შეიცვალა. ნელ-ნელა ისწავლეს ურთიერთობები და საკითხებს განსხვავებულად შეხედეს. ბრიტანეთში მოპოვებული აღიარების შემდეგ წიგნი მალე მსოფლიო ბესტსელერადაც იქცა. გაიყიდა მისი მილიონობით ეგზემპლარი. ითარგმნა 23 ენაზე. ჰოლის მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, რომელთა შორის არის Waterstones Children’s Book Prize-ისა და Leeds Book Award -ის ჯილდოები.
აღსანიშნავია, რომ თავად ჰოლი სმეილი, რომელიც ბრისტოლის უნივერსიტეტის ჰუმანიტარული მეცნიერებების ბაკალავრია, თინეიჯერობის პერიოდში, საკუთარი გმირის მსგავსად, მოდელად მუშაობდა.
ავტორმა „გიკი გოგოზე“ ცხრა წიგნი გამოსცა, რომელთაგანაც ბოლო „გიკი მუდამ“ 2017 წელს გამოვიდა.