ლეგენდარული თურქული ანსამბრი „ანატოლიის ცეცხლი“ საქართველოს ეწვია. თბილისის ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში გამართულ კონცერტზე, ქართველი და უცხოელი სტუმრების წინაშე, ანსამბლის 120-მა მოცეკვავემ შეუდარებელი შოუ დადგა.
კონცერტზე წარმოდგენილ ცეკვებს, შესრულების საუცხოო სტილსა და ორიგინალურ მელოდიას, კონცერტზე მისული საზოგადოება, აღმოსავლური ხელოვნების ზღაპრულ სამყაროში გადაჰყავდა.
მოცეკვავეების მიერ შესრულებული თითოეული ცეკვა, სხვადასხვა ისტორიული ამბის ცეკვით თხრობა იყო. სტუმრების განსაკუთრებული ოვაციები დაიმსახურა „სუფიების“ ცეკვამ.
„სუფიზმის პრაქტიკა ჭეშმარიტებისკენ სვლაშია, სიყვარულისა და ერთგულების საშუალებით. ამ სვლას ტარიკატს უწოდებენ, სულიერ გზას ან გზას ღვთისკენ."
სუფიზმის სწავლებაში ნათქვამია, რომ გარეგან ცეკვას აღტაცებაში მოჰყავს მაძიებელი, შინაგანი ცეკვა კი აერთიანებს, ამხელს და ავლენს მიჯნურისა და სატრფოს ღვთიურობას - სწორედ, მსგავსი გამომსახველობით აგვიღწერდნენ მოცეკვავეები, აღმოსავლური კულტურის უნიკალურობასა და მშვენიერებას.
„ანატოლიის ცეცხლის“ შეუდარებელი პროგრამის ყველაზე გამორჩეული ნაწილი, ქართული და აზიური ცეკვის ერთგვარი სინთეზი იყო. სრულიად მოულოდნელად სცენაზე 4 ქართველი მოცეკვავე გამოჩნდა, რომელთაც განსხვავებული მუხტი და ელფერი შესძინეს კონცერტს. შესაბამისად, არ წყდებოდა ოვაციებიც, რომელიც ქართველმა და უცხოელმა მოცეკვავეებმა დაიმსახურეს.
ეკა გადახაბაძე