"ასტიგმატისტები" -ს პრემიერა "მოძრაობის თეატრში" - სპექტაკლის განხილვა

               20 და 21 სექტემბერს მოძრაობის თეატრში "ასტიგამტისტების" პრემიერა შედგა. სპექტაკლი უკვე გამოცდილი რეჟისორის და ამავე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის იოსებ ბაკურაძის დადგმულია (იგი რეჟისორია არაერთი "მოძრაობის თეატრის" სპექტაკლის. მათ შორის: "ქარიშხალი" და "ამბავი ერთი მკვლელისა"). ამ სპექტაკლის გამორჩეულობა და უმთავრესი ხიბლი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ იგი პირველი ქართული სპექტაკლია, რომელიც მუნჯი კინო ხერხით დაიდგა. ყურების პროცესში გამახსენდა 1920-იანი წლების მუნჯი კომედიები. Buster Keaton-ისეულ (ცანცარა, მხიარულ და მოძრავ იუმორისტულ მოძრაობებს, რომლებიც დარბაზს მუდამ აცინებდა) იუმორს სპექტაკლის მრავალ მომენტში შეამჩნევდით. "მუნჯი ხუმრობები" (ადამიანი რომ გააცინო მოძრაობაც კი საკმარისია. ეს მოძრაობა ოსტატურად დაგეგმილი უნდა იყოს.) უმარტივესი მისაღები იყო და მსახიობთა თითოეული მოძრაობა ღიმილს მოგგვრიდათ სახეზე. გმირები ერთმანეთს ხედავნენ, მაგრამ თან უჭირდათ ერთმანეთის დანახვა (მათ ხომ სახეზე დიდი ზომის სათვალეები ეკეთათ).

 

              ოჯახს არ უნდოდა სიძის მიღება (ასეთი სიტუაცია შეიძლება ნებისმიერ ოჯახში განმეორდეს. ხშირად მშობელს შვილისთვის არჩევანის თავისუფლების მინიჭება უჭირს.), სიძე კი ყველანაირად ცდილობდა, სატრფოს მშობლების გული მოეგო. ერთ-ერთ მომენტში მან იარაღი ამოიღო და მომავალ სიმამრს დაუმიზნა. იოსებმა ესეც გათვალა და მათი "სულელური" და დაბნეული მოძრაობებით ბევრს იცინებდით. რა თქმა უნდა „მუქარამ“ შედეგი გამოიღო და სიძემ თავის სურვილს მიაღწია, სატრფო "მოიტაცა", შეირთო ცოლად და რძლის მშობლებსაც შეურიგდა. (თუ დააკვირდით სპექტაკლის შინაარსსაც ფილმის სახე აქვს) რეჟისორის თქმით დადგმა სრულიად იმპროვიზაციით შეიქმნა. იოსებ ბაკურაძემ იმპროვიზაციული ელემენტები ჩააქსოვა სპექტაკლში და მსახიობებსაც დიდი თავისუფლება მისცა იმისათვის, რომ ეკეთებინათ ის, რაც სპექტაკლს უფრო გაამდიდრებდა. ეკრანზე დიალოგები ჩნდებოდა, რაც კიდევ უფრო სასაცილოს ხდიდა სპექტაკლს. დეკორაცია მინიმალისტური იყო. სცენაზე ორ: წითელ და თეთრ ტელეფონს დაინახავდით, ასევე რამდენიმე სკამს, რომლისაგანაც მსახიობები მინი-ქანდაკებას აგებდნენ.

 

              სპექტაკლის მუსიკა ქართველი კომპოზიტორის და ფლეიტისტის სანდრო ნიკოლაძის შექმნილია. მან ზუსტად და ჰარმონიულად "დაიჭირა" სპექტაკლის სული და გადმოსცა ლამაზი მუსიკალური გაფორმებით. "ასტიგმატისტები" ძალიან საინტერესო სპექტაკლია, დაწყებული მსახიობთა არტისტობით და არაჩვეულებრივი რეჟისურით, დამთავრებული მინიმალიზმით, რომელიც ვინტაჟურ სტილს გვიჩვენებს და ლამაზად ერწყმის თანამედროვე, ინფორმაციულ ერას. სპექტაკლის პრემიერა 28 და 29 სექტემბერს კვლავ ჩატარდება საინტერესო ისტორიის მქონე თეატრის სცენაზე.  "მოძრაობის თეატრი" 2000 წელს კახა ბაკურაძემ დაარსა. თავდაპირველად თეატრს შენობა არ ჰქონდა, მაგრამ კახა დამაარსებლის ძალისხმევით თეატრს დღეს შენობაც აქვს და მსოფლიოს არაერთ ცნობილ სცენაზეც გამოდის თავისი სპექტაკლებით . კახა ბაკურაძე ქართული პანტომიმის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქართველი მსახიობია.

                                                      სტატიის ავტორი: რატი ონიანი

მსგავსი ღონისძიებები
ეს არის ბიჭის, მეტსახელად მაუგლი, არაჩვეულებრივი ამბავი.
თეატრი
რეჟისორი: დიმიტრი ხვთისიაშვილი
თეატრი
საქართველოში ერთი უცნაური სოფელია, სადაც ყველა და ყველაფერი ლაპარაკობს: ადამიანები, ცხოველები, ფრინველები, მდინარე, მიწა, საფრთხობელა ....
თეატრი
სლავა ნათენაძე ვინაა ნამდვილი დედა? ის ვინც გააჩინა თუ ის ვინც გაზარდა? ამ საკითხს სასამართლო გადაწყვეტს.
თეატრი
კვირის ღონისძიებები